ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი

Friday, January 8, 2016


ერთ ქალაქში ცხოვრობდა ერთი დიდებული, ღვთისმოშიში და შემკული ყოველი სათნოებით. იგი იყო სტუმართმოყვარე, უცხოდ-შემწყნარებელი, მოწყალე გლახაკების მიმართ, ქვრივ-ობოლთა დამხმარე და გაჭირვებულთა ნუგეშინისმცემელი. ეს დიდებული ქალაქის მთავარი იყო.

მას გამორჩეულად უყვარდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელი და განსაკუთრებულ პატივს მიაგებდა მას. ქალაქის მთავარი ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს ყოველთვის სწირავდა სანთლებსა და საკმეველს. ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის ხატს კი თვალ-მარგალიტითა და ძვირფასი ქვებით ამკობდა. 



ერთ დღეს  უცხოტომელებმა ქალაქის მთავარი მეუღლესთან ერთად გაიტაცეს და უცხო ქვეყანაში წაიყვანეს.












ისინი ბარბაროსებთან მწარე მონობაში მოხვდნენ. ქმარი პირუტყვებს აძოვებდა, ცოლი კი წყალს ეზიდებოდა. 








თუმცა მეუღლეები ყველაფერს დიდი მოთმინებით იტანდნენ, ყოველთვის მართალ იობს იხსენებდნენ და მუდამ უფლის დიდებასა და მადლიერებაში იყვნენ.






დადგა ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაული და ქალაქის მთავარს მეუღლემ უთხრა: ჩემო უფალო, არ გახსოვს? ხვალ ჩვენი ტაძრის დღესასწაულია და ყოველი ჩვენი მოყვასი იხარებს ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სიყვარულით, ჩვენ კი სამართლიანად დასჯილნი აქ ვიტანჯებით.


ქმარმა კი მიუგო: ჩემო დედოფალო, მახსოვს, რომ ხვალ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის დღესასწაულია და ჩვენც ამ ღამით ვევედროთ ყოვლადუბიწო ღვთისმშობელს. საღამოდან გვიან შუაღამემდე მთელი გულით და ცრემლებით ლოცულობდნენ დედა ღვთისმშობლის წინაშე. შემდეგ კი დაწვნენ და დაიძინეს.



ჰოი, საკვირველებავ შენთა ყოვლადუბიწოო მარიამ! მოხდა სასწაული და ქალაქის მთავარმა და მისმა მეუღლემ თავის ქვეყანაში გაიღვიძეს. დილით ზარების რეკვამ გააღვიძათ. უეცრად დაიბნენ, ვერ მიხვდნენ რა ხდებოდა. ისინი ხედავდნენ, რომ ხალხი სანთლებით ხელში ეკლესიისკენ მიდიოდა. 



მეუღლეებმა ერთ-ერთ მათგანს ჰკითხეს თუ რატომ იყო ხალხის ასეთი სიმრავლე. მან უპასუხა: როგორც ჩანს მგზავრები ხართ და არ იცით, დღეს ჩვენი ტაძრის დღესასწაულია და ტაძარში მივდივართ ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის სადიდებლად.






მაშინ ქალაქის მთავარი და მისი მეუღლეც შევიდნენ ტაძარში, მუხლი მოიყარეს დედა ღვთისმშობლის ხატის წინაშე და თაყვანს სცემდნენ მას.
ხალხმა იცნო ქალაქის მთავარი და მისი მეუღლე. დიდი სიხარული შეიქმნა და ყველა ერთად ადიდებდა და მადლობას სწირავდა ღვთივდიდებულ დედოფალს ქალწულ მარიამს.

No comments:

Post a Comment